ბაჩო დოლიძე - ზუგდიდის საკრებულოში „ ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ერთად ასწიეს ხელი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჩამოშორებაზე
ზუგდიდის საკრებულოში მოხდა პირველი პრეცედენტი, როდესაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ერთად ასწიეს ხელი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჩამოშორებაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რაღაც იაფფასიანი შურისძიება დაახურდავეს იმაში, რომ დღეს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც ერთსაც აწყობს და მეორესაც.
„მართვის მეთოდი ხომ ერთი აქვთ, ახლა ერთად ჯერდებიან, რა საკითხს დაუჭირონ ერთად მხარი. პასუხები ალბათ მათგან უნდა მოვისმინოთ ამ ქმედებაზე. ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომა, არ ვიცი, რად უღირდათ ეს ყველაფერი. ეს საკითხი ეხება ჩვენი სამი თანამებრძოლის ჩამოშორებას. საკრებულოს აპარატში მუშაობდნენ ეს ადამიანები და ფიქრობენ, თუ იქ აღარ იმუშავებენ, ნაკლებად იქნებიან ბრძოლაში. არ ჭრის ეგ მეთოდები, რადგან ფული მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის და, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტისთვის, მაგრამ ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებენ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ყოფილი თანაშემწე მაია კუკავა პარლამენტარ ანა წითლიძეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც მაია კუკავა აღნიშნავს, როდესაც ხაბეიშვილი მოვიდა ენმ-ის თავმჯდომარედ, დაიწყო დაკითხვები და მუქარები, რაც მისთვის დამამცირებელი აღმოჩნდა. „ზაზა გოროზიამ და წითლიძემ ჩათვალეს, რომ დაგვსაჯეს ისინი, ვინც არ დავრჩით იმ სიმახინჯეში, რომელიც ბოლო დროს შეიქმნა პარტიაში და ეს გააკეთეს „ქართული ოცნების“ წევრებთან კოლაბორაციაში“, – განაცხადა კუკავამ.