ბაჩო დოლიძე - ვინმეს თუ ჰგონია, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიტიკა არის პარტიის ლანძღვა, მე ასე არ მივიჩნევ, ჩვენ და ხაბეიშვილი განსხვავებულ ენაზე ვსაუბრობთ
ბაჩო დოლიძე - ვინმეს თუ ჰგონია, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიტიკა არის პარტიის ლანძღვა, მე ასე არ მივიჩნევ, ჩვენ და ხაბეიშვილი განსხვავებულ ენაზე ვსაუბრობთ

ვინმეს თუ ჰგონია, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიტიკა არის პარტიის ლანძღვა, მე ასე არ მივიჩნევ, მე და ჩემს მეგობრებს პარტია არ გაგვილანძღავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

როგორც ბაჩო დილიძემ აღნიშნა, „არ მივიჩნევ, რომ მე და ჩემი მეგობრები ვაზიანებთ პარტიას“.

„პრობლემები, რაც პარტიაშია, არ მგონია, თუნდაც ჩვენი წასვლით და დისტანცირებით მოგვარდეს, რადგან სულ სხვა რამეშია საქმე. ჩვენ არ ვართ პარტიისთვის პრობლემა, პრობლემა არის ის არსებული ვითარება და კონფიგურაცია, რომელიც დღეს არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ახალი მენეჯმენტისა და კეზერაშვილ-მერაბიშვილის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება იყო. განსხვავებული აზრი არის დემოკრატიის ნაწილი. თუ არ არის განსხვავებული აზრი პარტიაში, მაშინ რითი განვსხვავდებით მმართველი ძალისგან, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი? საერთოდ არ მგონია, განსხვავებული და თავისუფალი აზრი ასუსტებდეს პარტიას. მარტივი პასუხია წასვლა-არწასვლაზე, მაშინ როდესაც შეხვედრებს მოვრჩებით, მივიღებთ გადაწყვეტილებას. ბევრ საკითხზე მიდის მსჯელობა, მათ შორის იმაზე, ხომ არ სჯობს ახალი პლატფორმიდან ბრძოლა, ყველანაირი ვარიანტი განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება შეხვედრების შემდეგ.

ჩვენ და ხაბეიშვილი განსხვავებულ ენაზე ვსაუბრობთ მგონი, მაგიტომაც არის, რომ ხშირად ერთმანეთს ვერ ვუგებთ. საკითხი გაცილებით ტრაგიკულად გვაქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ძველი წარსულით არის შესაძლებელი შედეგის დადება, მაგრამ გვავიწყდება ერთი რამ, რომ ჩვენ ამომრჩეველს ალტერნატივა თუ არ შევთავაზეთ, „ქართული ოცნება“ 2024 წლის შემდეგაც იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ გვინდა წაუგებელი თამაში, რისი არავითარი საშუალებაც არ არსებობს პარტიაში“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განახცადა, რომ ყველამ თავისი გზა უნდა იპოვოს. „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ, ყველამ თქვენი გზა იპოვეთ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.