ბაჩო დოლიძე - ვფიქრობ, სიმბოლურია ხელის მოწერა დოკუმენტზე, რომელსაც არავითარი ცვლილება არ მოაქვს, შეიძლება, მანიფესტს ბევრმა ადამიანმა არ მოაწეროს ხელი, ყველას ხომ არ გარიცხავენ?
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის შეფასებით, ერთიანობის მანიფესტზე ხელის მოწერით პრობლემები არ მოგვარდება.
ბაჩო დოლიძის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, მანიფესტზე ხელმოწერით და ერთად დგომით შესაძლებელი იქნება ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების მოტანა.
ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა სიმბოლური იქნება და დაფიქრდება, მოაწეროს ხელი სიმბოლურად თუ არა.
„მოვაწერ ხელს თუ არ მოვაწერ, იცვლება ამით რამე? პრობლემები, რომლებიც დგას, ხელმოწერით იცვლება? ტექსტში ბოლო პასაჟი მართლაც რომ კვიპროსული ჩანართივით არის გამოკვეხებული, თვითონ სააკაშვილი აღნიშნავს, გარიყული იყვნენ ადამიანები პოლიტსაბჭოდანო. უცბად ბოლო წინადადებაში ჩაკვეხებულია, ლეგიტიმური პოლიტსაბჭოო – ასეთი ჩართვები და ჩანართები ცუდად მოქმედებს მთლიან ტექსტზე, თორემ, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა კარგ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც ევროპისკენ არის მიმართული. ბოლო დროს ვხედავ მკვეთრ განსხვავებას ახალ მენეჯმენტს და მიხეილ სააკაშვილის პოზიციებს შორის. მე მოვისმინე სააკაშვილის პათოსი, რომელიც ერთიანობისკენ იყო მომართული და ზუსტად სამ წუთში დავინახე ხაბეიშვილი, რომელიც „მგლის ბილეთებს“ არიგებს. ვნახე სააკაშვილის განცხადება იმავე ჩვენთან მიმართებაში, სტატუსი, რომელიც წაიშალა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხელის მოწერა აგვარებს თუ არა პრობლემებს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან არ გვარდება ეს პრობლემები. მივედით ხვალ და მოვაწერეთ ხელი, დავდექით ერთად, ამ მოცემულობაში შევძლებთ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების მოტანას? მე არ ვარ ამაში დარწმუნებული. არ მინდა, სხვის ნაცვლად ვისაუბრო, დღესაც კონსულტაციებს გავდივართ, ვიღაც არ მოაწერს ხელს და ვიღაც მოაწერს. მე პირადად მგონია, რომ სიმბოლურია ხელის მოწერა ამ დოკუმენტზე, რომელსაც არავითარი ცვლილება არ მოაქვს. ვიფიქრებ, სიმბოლურად მოვაწერო ხელი თუ არა. არ გამოვრიცხავ, რომ დანართი, რომელიც უკვე შერაცხეს კვიპროსულ დანართად, იყოს კონკრეტული ჯგუფის ინიციატივა. ამ მანიფესტს შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა არ მოაწეროს ხელი, საუბარია ათიათასობით ადამიანზე და ყველას ხომ არ გარიცხავენ? არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელი მოაწერონ, მათ შორის, იმ პოლიტსაბჭოს წევრებმა, რომლებიც გარიცხული არ არიან. რას შვებიან? ყველას რიცხავენ? არ უნდა გააკეთო ისეთი განცხადება, რომლის შესრულება არ შეგიძლია და ჩიხურ მდგომარეობაში შეყავხარ. ჩემი რჩევა ლევანს – შიგნით დალაგდნენ, ერთი ერთ განცხადებას აკეთებს, მეორე – მეორეს, „მგლის ბილეთების“ დარიგება და ეს განცხადება ხომ არ მომესმა? ხაბეიშვილის განცხადებაზე მაქვს საუბარი. გუნდში როცა არ არის ერთიანი პოზიცია, თან მაშინ, როცა შენზე არ არის დამოკიდებული გადაწყვეტილება, სირთულეებიც მაშინ ჩნდება. არ მგონია, გარიცხვაზე საკითხი დადგეს, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ეს მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება და აუცილებლად მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. დიდი ალბათობით, გადაწყვეტილებები მალე იქნება ცნობილი. ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ თეორიული შანსი, საერთო პლატფორმიდან ვიბრძოლოთ თუ გვიწევს ახალ პლატფორმაზე ფიქრი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გამოაქვეყნა პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტი სახელწოდებით „რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე“. მანიფესტი 11 პუნქტისგან შედგება. როგორც მანიფესტშია აღნიშნული, დოკუმენტი ცხადყოფს, თუ რა სურს პარტიას და როგორ წარმოუდგენია ყოველივე ამის მიღწევა. „მანიფესტზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება შიდაპარტიული ერთიანობისა და ძალების კონსოლიდაციისკენ“, – აღნიშნულია მანიფესტში.