ბაჩო დოლიძე - ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე მხარეს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ბოლომდე ვერ გაიაზრეს, დოკუმენტი წერია ქართულად, ინგლისურად ხომ არა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ვერ გაეგოთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა მისი თანაპარტიელების ნაწილმა ბოლომდე ვერ გაიაზრა, მიუხედავად იმისა, რომ „დოკუმენტი არის ქართულ ენაზე და არა ინგლისურად, რომ ვიღაც-ვიღაცებს ვერ გაეგოთ.“
„თავიდანვე ვიცოდი, რომ ხელს არ მოაწერდნენ არაფერს, ეს ცხადზე ცხადი იყო, რადგან მათ ერთობა არ უნდათ, არ უნდათ სამართლიანობა, არ უნდათ, განსხვავებული აზრი არსებობდეს პარტიაში და არ უნდათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ბოლომდე ვერ გაიაზრეს, რაც წერია, ქართულად წერია მაგ დოკუმენტში, ინგლისურად ხომ არ წერია, რომ ვიღაც-ვიღაცებს ვერ გაეგოთ. იქ წერია, წარმოადგინეთ თქვენ-თქვენი საკითხები, წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით, რასაც ვაწერთ ხელს. არ მქონია მოლოდინი, რომ მეორე მხარე ამას ხელს მოაწერდა, გუშინვე ვთქვი ეგ, ლოზუნგები, სადღეგრძელოები სულ მესმის, მაგრამ კონკრეტული მოქმედება, სამწუხაროდ, არა. ხელის მოწერა ისე, რომ შინაარსს საერთოდ არ კითხულობდე, არავის გაუგია, შესაბამისად, შინაარსობრივი ნაწილი ჩვენ წარმოვადგინეთ. აქ ხომ არ არის საუბარი, რომ ჩვენზეა მორგებული, ვგულისხმობთ, რომ ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული, იმიტომ, რომ კრიზისული მდგომარეობაა არამარტო ქვეყანაში, პარტიაშიც, რაც გულისხმობს, რომ ეს მოცემულობა ვერ შეცვლის ივანიშვილს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ბაჩო დოლიძე თანაპარტიელებს ურჩევს, პარლამენტის ფოიეს გარეთაც გავიდნენ და პარტიის მენეჯმენტთან დაკავშირებით აზრი რიგით მოქალაქეებს შორის იკითხონ.
„ანუ, უკვირთ, რომ საზოგადოებაში აზრია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ანგარიშგასაწევი ძალა არ არის და, საერთოდ, მისი მენეჯმენტი სერიოზულად არ აღიქმება? ეს ჩვენგან ესმით და ეს განწყობა საზოგადოებაში არ მუსირებს? ხომ შეიძლება, პარლამენტის ფოიეს გარდა, ხალხთანაც ჰქონდეთ ურთიერთობა და იკითხონ, პარტიის მენეჯმენტის შესახებ ვის რა აზრი აქვს და დღევანდელ მოცემულობაში არის თუ არა ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობა?“ იკითხონ, ჩვენგან რატომ ისმენენ პასუხებს? გავიდეთ, 10 ადამიანი გავაჩეროთ და პირველივე 10 რას გვეტყვის, მოვისმინოთ. ჩვენ რა, გვიხარია ეს მდგომარეობა? არავის დაავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, მე, ამ პარტიაში იმ დროს მოვედით, როდესაც ზოგიერთი ან „ქართულ ოცნებაში“ ბარგდებოდა, ან ქვეყნიდან გარბოდა. ვერავითარი განცხადება ვერ იმოქმედებს ჩვენს დღის წესრიგზე. გვაქვს ჩვენი შეხვედრები, რომლებსაც ვმართავთ ამომრჩეველთან და არამარტო, ასევე ჩვენს თანამოაზრეებთან, პარტიის წევრებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი მდგომარეობა, ის მოცემულობა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანს, საბოლოო ჯამში, პარტიას და, როგორც ჩანს, ეს იყო ამოცანა თავდაპირველად“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობის“ ყველა წევრს და მხარდამჭერს მიმართა, 23 ნოემბრამდე ერთად შექმნან მანიფესტი ფუნდამენტურ საკითხებზე. მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობის “ წევრი ნიკა მელია ინიციატივით გამოვიდა, რომ პარტიაში შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც „გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს“. ამასთან, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ინიციატივის კომენტირებისას, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა: „თვალს როდესაც გადაავლებთ მელიას შემოთავაზებას, იქ ერთობისას ვერაფერს დაინახავთ, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, პირიქით, ხელს უშლის ერთობას“.