ბაჩო დოლიძე - თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით პროცესები საინტერესოდ ვითარდება, აქტივობა საკმაოდ მაღალია, მოლოდინი მაქვს, რომ მელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია. მისივე თქმით, თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით პროცესები საინტერესოდ ვითარდება.
ბაჩო დოლიძეს მოლოდინი აქვს, რომ ნიკა მელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
„არ მგონია, ორად გაიყოს პარტია. აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო, შესაბამისად, შემდგომშიც იქნება. დემოკრატიული პროცესია და ამ ყველაფერს ჩვეულებრივად უნდა შევეგუოთ. უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა დარეგისტრირებული. დაახლოებით 50 000 ადამიანი დარეგისტრირდა. ორი დღის განმავლობაში მუშაობა იქნება ე.წ. გაცხრილვაზე. 28-29 იანვარს იქნება უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი. საინტერესოდ ვითარდება პროცესები. თავმჯდომარის წინა არჩევნებს თუ შევადარებთ, აქტივობა საკმაოდ მაღალია. ასე რომ, ყველანი ვართ იმ რეზულტატის მოლოდინში, რა პოზიციას დაიჭერს ჩვენი ამომრჩეველი. პირადად მე, რა თქმა უნდა, ველოდები, რომ მელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ამასთან, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ, ზოგადად, გამარჯვებული კანდიდატი აკომპლექტებს გუნდს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მისივე თქმით, არასწორია სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ პარტიიდან ვინმე წავა.
„პირველ რიგში, სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ პარტიიდან ვინმე წავა, ძალიან არასწორი მგონია, რაც, ვფიქრობ, მეორე მხრიდანაა შემოგდებული. ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ არავინ აპირებს წასვლას და რატომღა ვაგრძელებთ, ჩემთვის წარმოუდგენელია; მეორე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალ გუნდზე, გავაკეთეთ წარდგენა და ამ შემთხვევაში, კირთაძე წარვადგინეთ გენერალურ მდივნად, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. გამარჯვებული კანდიდატი აკომპლექტებს გუნდს, რომელიც უნდა იყოს წინა პოზიციაზე. ანალოგიური გააკეთა გიორგი მუმლაძემ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. საერთოდ არ გამიკვირდება, ლევან ხაბეიშვილმა დღეს რომ დაასახელოს გუნდი, სადაც იქნებიან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და სხვა ადამიანები, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ადამიანებს, რომელთაც აქვთ მცდელობა, შიგნით შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესებში, ვფიქრობ, პარტიის კონკრეტული პოზიციები უნდა დაიკავონ. შეიძლება, ლევანს სხვა გუნდი ჰყავდეს მოაზრებული. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კანდიდატების წარდგენა მიმდინარეობს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.