ბაჩო დოლიძე - სექტემბრიდან არა მარტო ოპოზიციის, არამედ თითოეული მოქალაქის ვალი უნდა იყოს, ბოლომდე დავიცვათ ქვეყნის ინტერესი, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე გადის
სექტემბრიდან არა მარტო ოპოზიციის, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალი უნდა იყოს, რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რომელიც ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე გადის და არა იმ საბჭოთა, რუსულ ღირებულებებზე, რასაც გვტენის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს განვითარება ევროპული ღირებულებების მიხედვით მხოლოდ პოლიტიკოსების გასაკეთებელი არ არის, თითოეული მოქალაქის ვალი იქნება ამ დიდ ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა.
„სექტემბრის თვიდან არა მარტო ოპოზიციის, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალი უნდა იყოს, რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რომელიც ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე გადის და არა იმ საბჭოთა, რუსულ ღირებულებებზე, რასაც გვტენის „ქართული ოცნება“, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ზუსტად ასეა. „ქართული ოცნება“ ვერ დაგვაბრუნებს საბჭოთა გისოსებში, სადაც შეიძლება, თავად ძალიან კარგად გრძნობდეს თავს, მაგრამ ჩვენი შვილების მომავალს ჩვენ სხვაგან ვხედავთ. ყველა მიმართულებით ვაპირებთ ბრძოლას კანონის ფარგლებში, ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ზოგს უყვარს უტრირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი მოძრაობის ხაზიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
„ჩვენ გვექნება ჩვენი დღის წესრიგი, რომლითაც გავაგრძელებთ მოძრაობას და ამისთვის ახლა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარტიის შიგნით. მზად უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა რეგიონული, რაიონული ორგანიზაცია, რადგან ჩვენ ძალიან მძიმე ბრძოლა გველოდება, მაგრამ ეს ბრძოლა სახელმწიფოს გადარჩენისთვის არის, ეს კარგად უნდა ესმოდეს აბსოლუტურად ყველას“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ამასთან, ბაჩო დოლიძემ ისაუბრა „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ „იდეების მოფიქრება თუ არ არის თქვენი ძლიერი მხარე და ვერც ფიზიკურად ახერხებთ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას, შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ ფულით“.
როგორც ბაჩო დოლიძე აღნიშნა, ავტოკრატიული რეჟიმის დროს ყველანაირი წყარო დახურულია, რათა ფინანსდებოდეს ოპოზიციური აქტივობები.
„ოპოზიციას თავი რომ დავანებოთ, ვხედავთ კრიტიკულ მედიას როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვს, რამდენიმე თვე ისე გავა, რომ ხელფასს ვერ იღებენ. ეს სწორედ იმის გამო, რომ სახელმწიფოს, ანუ ქართული თუ რუსული ოცნების პოლიტიკაა ასეთი. ნორმალურ ქვეყანაში ნამდვილად არ დადგებოდა ეს პრობლემა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მაშინ, როდესაც ოლიგარქი განკარგავს აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს, ძალიან რთულია ფინანსური საკითხის დალაგება, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან საჭიროა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.