ბაჩო დოლიძე - როცა მოდიხარ დაპირებით, სააკაშვილს გავათავისუფლებ ყველანაირი მეთოდითო, შემდეგ საკუთარი დაპირებების ტყვეობაში ხარ, არ გამოვრიცხავ, ამას ჩვენი ამომრჩევლისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვეს
იყოს ლევან ხაბეიშვილი, ოღონდ აკეთოს საქმე, ის საქმე, რომელიც რეზულტატზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს პარტიაში ვერ უზრუნველვყავით ერთიანობა, არათუ – გარეთ, ეს პრობლემაა და საერთო საქმეს აფუჭებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, არ არის გამორიცხული, ამომრჩევლის მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვეს, რომ ლევან ხაბეიშვილი დაპირებებს ვერ ასრულებს.
„როდესაც არწმუნებდი ამომრჩეველს, რომ მოსვლის შემდგომ, ძალიან სწრაფ დროში შევძლებ მიხეილ სააკაშვილის დახსნას ტყვეობიდანო და ვხედავთ, რომ ფიზიკურად ვერ ხერხდება იმ პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებენ. მაგიტომაც ვთქვი, არ გამიკვირდება, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა ეჭვი შეიტანოს იმ ლეგიტიმაციაში, რომელზეც ასე ხშირად საუბრობენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე გამოვთქვი ვარაუდი, რომელიც აბსოლუტურად რეალისტურია. როდესაც მოდიხარ დაპირებით, მიხეილ სააკაშვილს გავათავისუფლებ ყველანაირი მეთოდითო, ამას ვიზამ, იმას ვიზამ და მერე რაღაცნაირად ტყვეობაში ხარ საკუთარი დაპირებების, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია. არ გამოვრიცხავ და ალბათ ასეც იქნება“, – განაცხადა დოლიძემ.
ბაჩო დოლიძის განცხადებით, „საკვანძო საკითხი იქნება პოლიტსაბჭო, რადგან არავინ შეეგუება პოლიტსაბჭოს ასეთი წესით კონფიგურაციას“.
„მე არ მესმის, როგორ შეიძლება, 10 000 კაცით არჩეული პოლიტსაბჭო ასე 300 კაცით იყოს გადარჩეული, მართლაც ერთ გემოზე მოწყობილი. მგონი, ეს პრობლემაა და ამ საკითხს ჩვენ დავუბრუნდებით. მთავარი ამოცანაა, რომ პარიტეტები იყოს სამართლიანად დაცული. როდესაც იცი, რომ პარტიის ნახევარი სხვანაირად ფიქრობს, შენ შეიძლება იღებდე გადაწყვეტილებას, მაგრამ სხვებსაც უნდა უსმენდე. როდესაც არ უსმენ, აქ არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება მოგვარება. თვითმიზანი არ არის ამ შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილი იქნება თუ არა თავმჯდომარე, ანუ არავინ არ ემუქრება ამ პოზიციას, მაგრამ თავი დაანებონ ამ უაზრო თავდასხმებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტიაში ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა და არა – ერთპიროვნული მმართველობა, რომელსაც 21-ე საუკუნეში ნამდვილად არავინ შევეგუებით. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ, ყველანი, ვსაუბრობთ კოალიციურ მმართველობაზე და ჩვენ თუ პარტიაში ვერ შევძელით ამ ყველაფრის ჩვენება, არ მგონია, ეს მოხერხდეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ასე რომ, ტესტი კარგი იქნება ყველასთვის და, ვფიქრობ, ამ ყველაფერს ღირსეულად გავუმკლავდებით“, – განაცხადა დოლიძემ.