ბაჩო დოლიძე - რეალურად თუკი ვინმეს რამე აინტერესებდა, ეს იყო პარტიის ხელში ჩაგდება, რაც ამ ეტაპზე ნაწილობრივ მოახერხეს, თუმცაღა ნამდვილად არ შერჩებათ
ბაჩო დოლიძე - რეალურად თუკი ვინმეს რამე აინტერესებდა, ეს იყო პარტიის ხელში ჩაგდება, რაც ამ ეტაპზე ნაწილობრივ მოახერხეს, თუმცაღა ნამდვილად არ შერჩებათ

ჩრდილოვანი მმართველობა, რომელსაც ადგილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“, არ უნდა ხდებოდეს, თორემ პიროვნულ ურთიერთობას, მეგობრობას, არავის არ ვუკრძალავთ, ამის უფლება არავის აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილი დღეს აკეთებს იმას, რასაც ავალებენ.

„ჩვენ პიროვნული ანტაგონისტური დამოკიდებულება არავის მიმართ არ გვაქვს, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩრდილოვანი მმართველობა, რომელსაც აქვს ადგილი პარტიაში, ეს არ უნდა ხდებოდეს, თორემ პიროვნულ ურთიერთობას, მეგობრობას არავის არ ვუკრძალავთ, ამის უფლება არავის არ აქვს. პარტიას რაც შეეხება, რისთვისაც ვაკრიტიკებთ მმართველ გუნდს, იმიტომ ხომ არ ვაკრიტიკებთ, რომ ჩვენ ოპოზიციაში ვართ და ისინი – ხელისუფლებაში, აქ პრინციპებზეა საუბარი, რა არ მოგვწონს. ავიწყდებათ ყველაზე მთავარი – ამომრჩეველი, რომელიც ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, გადამწყვეტ სიტყვას იტყვის და რომლის მხარდაჭერით, მე დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ბევრი რამის შეცვლას შევძლებთ როგორც პარტიაში, ისე ქვეყანაში“, – განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, ლევან ხაბეიშვილის მომხრეები ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე პარტიის ფორმალური წევრია, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა: „ფორმალური და დროებითი წევრებ,ი მე მგონი, თავად არიან ჩემი გადმოსახედიდან“.

მისივე თქმით, თანამოაზრეებთან იქნება კონსულტაციები, თუ რა ფორმით და რა ნაბიჯები გადაიდგმება შემდგომში.

„დამიჯერეთ, არავინ არ შეარჩენს ამ ცრუ დაპირებებს, ცრუ მოლოდინების შექმნას. უპირველესად, უსამართლობა იყო პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმ დაპირებების გაცემა, რომელიც აბსოლუტურად არარეალიზებადი იყო და ასევე იყო ტყუილი. რეალურად თუკი ვინმეს რამე აინტერესებდა, ეს იყო პარტიის ხელში ჩაგდება, რაც ნაწილობრივ ამ ეტაპზე მოახერხეს, თუმცაღა ნამდვილად არ შერჩებათ. მათი საკუთრება პარტია არ არის და როდესაც საუბრობენ, რომ პარტიას ლანძღავენ – არა და არა, პარტიას არცერთ შეთხვევაში არ ვლანძღავთ, რადგან პარტიის ნაწილი ვართ ჩვენ. ჩვენ თუ რაიმეს გამოვთქვამთ და კრიტიკას თუ ვინმე იმსახურებს, იმსახურებენ კონკრეტული პერსონიფიცირებული ადამიანები“, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, როგორც ერთ დროს ფიქრობდა ე.წ. ტროიკის გაერთიანება, რომ მიისაკუთრა სახელმწიფო, ახლაც ანალოგიურად ფიქრობენ, რომ მიისაკუთრებენ პარტიას.

„ეს სამეული ჩართულია რეგიონის არჩევნებში და ეს ყველაფერი მათი სცენარით მიმდინარეობს. მათი დაგეგმილია ეს ყველაფერი. ეს არჩევნები ფიქციაა, ვინღა იღებს მონაწილეობას, ერთი ადამიანი, ნომინალური კანდიდატი ეყოლებათ აბსოლუტურად ყველგან, რა არჩევნებზეა ლაპარაკი? ჩვენ რომ შევსულიყავით ამ არჩევნებში, 70 ლოკაციაზე გაჩნდებოდა დაპირისპირების ახალი კერა, დიდი ალბათობით, ამის იმედი ჰქონდათ, რაც სრულიად დაანგრევდა პარტიას. ნამდვილად არ შევყვებოდით ამ თამაშში“, – განაცხადა დოლიძემ.