ბაჩო დოლიძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად რაღაც გაერთიანებულ სიაზე საუბარი წარმოუდგენელია, არ მიმაჩნია, რომ ამ პარტიასთან შესაძლებელია რაიმე ტიპის გამარჯვების მიღწევა
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად რაღაც გაერთიანებულ სიაზე საუბარი წარმოუდგენელია, ეს სწორად არ მიმაჩნია, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
ბაჩო დოლიძეს კითხვა დაუსვეს საერთო ოპოზიციურ სიასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე.
„ვფიქრობ, ახლა ყველაზე ნაკლებად თუ რამეზე უნდა ვფიქრობდეთ, ეს არის სიები, არათუ ერთიანი სიები, ზოგადად, სიები. ეს არის საკითხი, რომელიც მოგვიანებით უნდა გადაწყდეს და დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ როგორ იაქტიურებს, როგორ იქნება ჩართული ამ პროცესებში. დღეს უკვე ვსაუბრობდეთ რაღაც სიების კომპლექტაციაზე და ამავდროულად, ერთიან სიაზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მგონია, რომ არათუ ამომრჩეველს, ზოგადად, საზოგადოებას დავაბნევთ, რასთან გვაქვს საქმე. საერთოდ არ მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლებელია რაიმე ტიპის გამარჯვების მიღწევა. ვფიქრობ, მათ ჰყავთ თავიანთი ამომრჩეველი, ისევე როგორც სხვა პარტიებს. ახლა მთავარი ამოცანაა, თამაშგარე არ დარჩნენ ისეთი პარტიები, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ. ანუ, იმ პარტიებს, რომლებიც ხედავენ, რომ პრობლემა აქვთ ბარიერთან მიმართებით, აქვთ ორი გზა – ან მოახერხონ და რომელიმე პარტიას შეერწყან, ან საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად რაღაც გაერთიანებულ სიაზე საუბარი ჩვენი პარტიის მხრიდან წარმოუდგენელია. აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ყველას აზრს პატივს ვცემ, შეიძლება, ადამიანი ფიქრობდეს, რომ ეს არის სწორი, მაგრამ მე ეს სწორად არ მიმაჩნია. მგონი, ამ შემთხვევაში გაცილებით მეტის დაკარგვაა შესაძლებელი, ვიდრე მოხვეჭა. ასე რომ, შორს ვარ ამ აზრისგან“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.