ბაჩო დოლიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დემოკრატიაა დასაბრუნებელი
ბაჩო დოლიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დემოკრატიაა დასაბრუნებელი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით დღეს საუბარი არ მგონია, სწორი იყოს, მაგრამ სწორი ნაბიჯებია გადასადგმელი, დემოკრატიაა დასაბრუნებელი პარტიაში, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა უნდა გააკეთოს მენეჯმენტმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, პირველ რიგში, უნდა გააუქმონ ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან მიმართებით და ძველ პოლიტსაბჭოს უნდა აღუდგინონ სტასტუს კვო.

„ეს არ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა დემოკრატიული ნორმები დაბრუნდეს პარტიაში. ამ ყველაფრის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია, პრაგმატული, ნორმალური და ცივილიზებული დამოკიდებულება იყოს. განსხვავებული პოზიციები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ჩვენ თუ სწორად ვიმოქმედებთ, ისე ვიმოქმედებთ, რომ პარტიის ინტერესებში იქნება ყველა ნაბიჯი გადადგმული, დამიჯერეთ, თანაცხოვრება სავსებით შესაძლებელია.

მიმაჩნია, რომ განსხვავებული აზრის მქონე ბევრ ადამიანს გაცილებით მეტი პროდუქტიული რეზულტატის დადება შეეძლო, ვიდრე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. არავინ საუბრობს იმპიჩმენტზე. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვინდა, დემოკრატია დაბრუნდეს პარტიაში ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ. დემოკრატიული ნორმებით ჩავატარეთ არჩევნები, ოღონდ დემოკრატიაზე ეგრევე უარი თქვეს. პოლიტსაბჭო ისე გაუშვეს და იმდენად ჩარევა მოხდა პოლიტსაბჭოს სტრუქტურაში, ასევე შემადგენლობაში, რომ ერთი ადამიანისთვის არ უკითხავთ აზრი. ჩვენი თვითმიზანი არ არის ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადაყენება, სულ სხვა კონტექსტში იყო საუბარი, იმ შემთხვევაში, თუ ახალმა მენეჯმენტმა, ნაცვლად დაპირებების შესრულებისა, ისევ გააგრძელა პარტიის უზურპაციის მცდელობა. ოღონდ ეს არ გამოუვათ, არ აქვთ მაგდენი მხარდაჭერა, რადგან 52 პროცენტი აიღეს, მაგრამ დანარჩენი სხვა პოზიციაზეა. 100 პროცენტით პარტიას ვერ დაეუფლები, ამ ჭრილში ვთქვი, რომ საერთოდ არ გამოვრიცხავ, ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან დადგეს ლეგიტიმაციის საკითხი“, – განაცხადა დოლიძემ.