ბაჩო დოლიძე - არ მსურს არჩევნების შედეგებით მანიპულირება, ციფრებით საუბარი, მაქვს მოლოდინი, ნიკა მელია შეძლებს პირველივე ტურში გამარჯვებას, მაგრამ არასერიოზულია, დღეს ვიძახოთ, რომ 70-80 პროცენტი გვაქვს
ბაჩო დოლიძე - არ მსურს არჩევნების შედეგებით მანიპულირება, ციფრებით საუბარი, მაქვს მოლოდინი, ნიკა მელია შეძლებს პირველივე ტურში გამარჯვებას, მაგრამ არასერიოზულია, დღეს ვიძახოთ, რომ 70-80 პროცენტი გვაქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში 37 000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და აქტივობა საკმაოდ მაღალია. ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ტექნიკური ხარვეზები აღმოიფხვრება.

ამასთან, ბაჩო დოლიძის თქმით, არჩევნების შედეგებით მანიპულირება არასერიოზულია.

„ორი დღის განმავლობაში მესმის ძალიან ბევრი ციფრი, მანიპულირება, ძახილი, რომ 70-80 პროცენტს ავიღებთ, ცოტა არ იყოს, მეღიმება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რადგან ისევ თვითონ ჩავარდებიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დარწმუნებული ვარ, აქტივობა იმიტომ არის მაღალი, რომ ჩვენმავე ამომრჩეველმა დაინახა, რა კონფიგურაციის შემთხვევაშია შესაძლებელი ჩვენი პარტიის ზრდა და ამ ქვეყანაში ცვლილებების გაკეთება. ნამდვილად არ მსურს მანიპულირება არც ამომრჩევლის რაოდენობით და არც იმით, რა შედეგები დაფიქსირდება. მაქვს მოლოდინი, რომ ნიკა მელია შეძლებს პირველივე ტურში გამარჯვებას, მაგრამ ჩვენ დღეს რომ ვიძახოთ, 70-80 პროცენტი გვაქვს, აბსოლუტურად ირონიული, არასერიოზულია ეს ყველაფერი. უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული უნდა იყო, რომ დღეს შეძლო ამ სისტემაში იმის დანახვა, რასაც ვერავინ ხედავს“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძის განმარტებით, არ არსებობს ნიკა მელიას ფლანგი, არამედ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორ გზაზე დგანან და სიმართლის მხარეს ირჩევენ.

„ინდივიდუალურად ყველა მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ აგრძელებს ბრძოლას. მე აქ ვარ, რადგან მინდა, ჩემმა შვილებმა, თქვენს შვილებთან ერთად, ნორმალურ, ცივილურ ქვეყანაში იცხოვრონ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თვალსაზრისით არის ყველაზე ეფექტური პლატფორმა, რომ მოახდინოს სისტემის შეცვლა და არა – ჩანაცვლება. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც სისტემის ჩანაცვლება უნდათ და არაფრით გამოირჩევიან, ვგულისხმობ მანკიერებებს და ცუდი ინსტრუმენტების გამოყენებას არჩევნებში. სამწუხაროდ, იყო პრეცედენტები ფარული მოსმენების და მსგავსი მანიპულაციები არათუ შემჩნეული, გამოყენებულიც. ამიტომ თუ ჩვენ დღეს ვებრძვით მმართველ გუნდს, სწორედ ამ მანკიერებების გამო ვებრძვით. გვინდა ამ ყველაფრის შეცვლა და არა – ჩანაცვლება. არავინ არ გეგმავს წასვლას და არც გაქცევას. ვაგრძელებ ბრძოლას ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი ძალიან პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს ნამდვილად არ მინდა მანიპულირება, ციფრებით საუბარი. ხვალ, დილის 10:00 საათზე გამოჩნდება, გვეცოდინება შედეგები, რომლებიც ასახავს ამომრჩევლის ნებას. არცერთი თანამდებობა არ მჭირდება, რომ ვიბრძოლო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. აბსოლუტურად ნორმალურია, გამარჯვებულმა კანდიდატმა დააკომპლექტოს გუნდი. პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს თითოეული ჩვენგანი თანაბრად და არა ისე, რომ თურმე პრობლემა მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალია. აქ ბრძოლა არის არაფორმალური მმართველობის ელემენტსა და სიმართლეს შორის. ძალიან ბევრი ადამიანი სხვანაირად ფიქრობს და პატივი ვცეთ მათ აზრს, თუმცაღა ჩემთვის მიუღებელია, როცა არაფორმალურ მმართველობას შეიძლება ჰქონდეს ადგილი პარტიაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვგულისხმობ არა ხაბეიშვილს, არამედ მერაბიშვილს, რომელიც ჩართული კი არ არის ამ პროცესებში, არამედ მართავს ამ პროცესებს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.