ბაჩო დოლიძე - ამ ეტაპზე არავისთან გაერთიანებას არ ვფიქრობთ, გამოვდივართ ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად, გვექნება ჩვენი ნომერი, სახელი, დამოუკიდებელი პოლიტიკის კეთებას ვგეგმავთ
ამ ეტაპზე არავისთან გაერთიანებას არ ვფიქრობთ, გამოვდივართ ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად, გვექნება ჩვენი ნომერი, ჩვენი სახელი. ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ განვიხილავთ გაერთიანებას არავისთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა.
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, თუმცა არჩევნების წინ გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას არ გამორიცხავს
„მიხარია, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ასევე პოლიტიკური ექსპერტი ძალიან დადებითად საუბრობს ჩვენს ჯგუფზე. ეს ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის. მაგრამ ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ ვაწარმოებთ არავითარ მოლაპარაკებებს და არც ვფიქრობთ ამ ეტაპზე, რადგან განსხვავებული პოლიტიკის კეთებას ვგეგმავთ. შესაბამისად, დრო ბევრია იქამდე, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება ჩვენი, ამ შემთხვევაში, მეგობრების, მაგრამ ამ ეტაპზე რაც არის, იმას ვსაუბრობ. თუ იქნება, ვისაუბრებთ ამის შესახებ, ნამდვილად. აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის კეთებას ვგეგმავთ.
ალბათ ჩვენი პოლიტიკური პარტიის შედეგი ყველაზე დიდი სენსაცია იქნება 2024 წლის არჩევნებში. ვართ ძალიან იმედიანად, ბევრ ადამიანთან ერთად, რაც მთავარია, ვართ ძალიან ოპტიმისტურად და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა „ქართული ოცნება“ 2024-ში იყოს ოპოზიციაში“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.