ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებაზე შეჯერდნენ
ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებაზე შეჯერდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, დღევანდელ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეჯერდნენ, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს.

ამასთან, ბაჩო დოლიძე განმარტავს, რომ საბოლოო ვერსიაზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რა წესით და რა ფორმატით ჩატარდება არჩევნები.

„დღეს შევჯერდით, რომ აღნიშნული არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონული წესით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და განაპირობებს იმას, რომ ბევრ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. გასაგებია, რაღაც სახის ფილტრები იქნება, რომ მანიპულაციები არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი იქნება ძალიან ღია, საჯარო და მასშტაბური. მოლოდინი საკმაოდ დიდია. სხვა საკითხებთან დაკავშირებით განხილვა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფში. საბოლოო ვერსიაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო. შემდგომ უკვე მიიღებს გადაწყვეტილებას, რა წესით და რა ფორმაციით ჩატარდება არჩევნები“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.