ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ გამოიყოფა ჯგუფი, რომელიც სააკაშვილთან მიმართებაში ე.წ. მაგნიტსკის სიაზე იმუშავებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ გამოიყოფა ჯგუფი, რომელიც სააკაშვილთან მიმართებაში ე.წ. მაგნიტსკის სიაზე იმუშავებს. ბაჩო დოლიძემ კომენტარი გააკეთა „მაგნიტსკის სიის“ ავტორის, ბილ ბრაუდერის განცხადებაზე.
„სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ბილ ბრაუდერის კონკრეტული პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ის ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს მთლიანად ამ პროცესს. ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება შეხვედრა, მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ჩართვაა საჭირო. შესაბამისად, იქნება გამოყოფილი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.