ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ 9 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მისვლას არ აპირებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას არ აპირებს და 9 აპრილის მემორიალთან მიდის.
მისივე თქმით, აქციაზე მისი ბევრი მეგობარი მიდის, რაც ნორმალურია.
ამასთან, როგორც დოლიძე აცხადებს, როდესაც სოციალური მედიით თუ ტელევიზიით იგებს ამბებს საკითხებზე, რომელზეც შეიძლება, განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, იტოვებს უფლებას ან შეუერთდეს, ან არა.
„9 აპრილი არის ჩვენი ქვეყნისთვის როგორც გამარჯვების, ისე გლოვის, უმნიშვნელოვანესი დღე. ამ დღეს როგორც მანამდე დავდიოდი, ახლაც ვაპირებ მისვლას 9 აპრილის მემორიალთან. რაც შეეხება, „ნაციონალურ მოძრაობის“ დაანონსებულ აქციას, არ მინდა, ჩემი განცხადებებით რაიმე დისონანსი შევიტანო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ჩემი პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცის. აქტივობებზე, რომლებზეც ახალი მენეჯმენტი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მე ვერ ვიქნები. შეიძლება, ბევრს, დავუშვათ, ჩემს მეგობრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ. ბევრი ჩემი მეგობარი მიდის აქციაზე და აბსოლუტურად ნორმალურია. უბრალოდ, მე დამიტოვეთ უფლება, მქონდეს ჩემი გადაწყვეტილება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამბებს როდესაც ვიგებ სოციალური მედიით თუ ტელევიზიით ისეთ საკითხებზე, რომელზეც შეიძლება, განსხვავებული პოზიცია მქონდეს, ვიტოვებ უფლებას, სადღაც შევუერთდე, სადღაც – არა. 9 აპრილის, დილით მივდივარ მემორიალთან, შესაბამისად, ვფიქრობ, დასამტკიცებელი არავის არაფერი აქვს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.