ბაჩო დოლიძე - 7 ოქტომბრის შეხვედრაზე იქნებიან ადამიანები, რომლებიც იგნორირებული არიან პარტიის დღევანდელი მენეჯმენტისგან, განხილული იქნება პარტიაში დარჩენა-არდარჩენის საკითხიც
7 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება შეხვედრა თანამოაზრეებთან, ძირითადად ესენი არიან პარტიული ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, არიან აბსოლუტურად იგნორირებული დღეს არსებული მენეჯმენტის მხრიდან, შესაბამისად, მათი მხრიდან არის სურვილი, რომ ერთხელ და საბოლოოდ შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ, თუ რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, აქტიური ადამიანების პასიურ მდგომარეობაში ჩატოვება და უსამართლოდ მოქცევა, პარტიის მენეჯმენტის მხრიდან იყო დიდი შეცდომა.
„ჩვენ გვექნება მსჯელობა ყველა საკითხზე, ეს იქნება ინტერაქტიური შეხვედრა, არავითარი დაგეგმილი აქტი არ იქნება. ეს იქნება ცოცხალი, გულწრფელი დისკუსია, ვინ როგორ და რა გზით ვფიქრობთ რეჟიმის დამარცხებას. დღეს მოვისმინე ანონსი, რომ პარალელურად აქცია იმართება. ვფიქრობდი, რომ არსებული მენეჯმენტიდანაც შეიძლება, ვიღაც მოსულიყო, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, თუნდაც განსხვავებული, ეს არის შიდა დემოკრატია, თუმცა სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ დაინახეს საფრთხე შიდა დემოკრატიაში და ლეგიტიმური შიში გაუჩნდათ იმის, რაც ხდება. ეს არ გამკვირვებია დიდად, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, გვჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც იკრიბებიან, არიან ბირთვი, რომლებიც რეალურად დიდ როლს შეიტანენ რეჟიმის დამარცხებაში“, – აღნიშნა დოლიძე.
ამასთან, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ შეკრებაზე პარტიაში გარკევული ადამიანების დარჩენა-არდარჩენის საკითხიც განიხილება.
„ყველა საკითხი იქნება განხილული, მათ შორის დარჩენა-არდარჩენის საკითხი. მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც გაახმოვანებს ის დიდი ჯგუფი, ეს არ არის მხოლოდ თბილისი, რეგიონებიდანაც ჩამოდიან. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმ აუდიტორიაზე იქნება დამოკიდებული, ვინც მოდის. იმის თქმა, რომ რამეს ვაპირებთ და ამ ადამიანებს არ ვეკითხებით, ეს ვერ იქნება. აქციაზე დღეს გავიგე, ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ მიშა სააკაშვილისადმი მიძღვნილი კვირეულები არსებობს თურმე. ეს არის ლეგიტიმური შიში პარტიის შიდა დემოკრატიაზე, მეც ასე ვიქნებოდი მათ ადგილას, ნამდვილად არ მინდა, წარმოვიდგინო თავი, რომ მაქვს ბევრი ვალდებულებები კონკრეტული პერსონების მიმართ და, შესაბამისად, მიწევს იმის კეთება, რისიც მე თვითონ არ მჯერა, ასეთ მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი“, – განაცხადა დოლიძემ.