საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. როგორც ახალაიამ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკოსობას არ აპირებს.
მისივე თქმით, მთელი ცხოვრება პატიოსნად ემსახურა ქვეყანას და მას ამის გარდა, არაფერი უკეთებია.
„პოლიტიკოსობას არ ვაპირებ, ეგ არ არის ჩემი საქმე. ცოტა ფეხზე დადგომა მინდა, რადგან გამოფიტული, გადაღლილი ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე ამ ქვეყანას. ქვეყნის სამსახურის მეტი ჯერ სხვა არაფერი მიკეთებია. ვის, რა, როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ჟურნალისტებმა ახალაიას სთხოვეს, შეეფასებინა მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფაქტი. როგორც ახალაია ამბობს, „რცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელსაც ასეთი კაცი ციხეში უზის“.
„ძალიან დიდი სირცხვილის გრძნობა მაქვს. ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი აქ უზის. გაოგნებული ვარ, ბევრი რამ არ მესმის“, – აღნიშნა ახალაიამ.
მედიასთან საუბრისას, ბაჩო ახალაიამ უკრაინის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
„უბრალოდ მინდა, განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ. გაოცებული ვარ ამ ხალხით. ცოტა მშურს მათი“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.