B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტოზური მკურნალობა უახლოეს დღეებში დაიწყება
B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტოზური მკურნალობა უახლოეს დღეებში დაიწყება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკა ადამიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მედიკამენტი საქართველოში უკვე ჩამოსულია.
„თავდაპირველად დაიწყო დიაგნოსტიკური გამოკვლევები. მედიკამენტოზური მკურნალობა დაიწყება უახლოეს მომავალში. მედიკამენტი უკვე ჩამოსულია საქართველოში. იგი შესყიდულია და ახლა მიმდინარეობს ლოგისტიკური ღონისძიებები, რომლის შედეგადაც იგი დარიგდება სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში.
პროგრამაში ამ ეტაპზე ჩართული არის 15-ზე მეტი დაწესებულება, სადაც შესაძლებელია როგორც კვლევის, ასევე მკურნალობის ჩატარება“, – განაცხადა ეკა ადამიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო. პაციენტები სერვისს სრულიად უფასოდ მიიღებენ.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.
B ჰეპატიტის მართვის პროგრამაში 15-ზე მეტი კლინიკაა ჩართული.