„აზიის განვითარების ბანკის“ წლიური შეხვედრა 2021 წელს საქართველოში ჩატარდება
„აზიის განვითარების ბანკის“ წლიური შეხვედრა 2021 წელს საქართველოში ჩატარდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა მედიასთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორ მან აღნიშნა, საქართველომ შესაბამის კონკურსში გაიმარჯვა.
„2015 წელს ჩატარდა საქართველოში „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ წლიური შეხვედრა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის ბევრად უფრო მასშტაბური, როგორც მონაწილეების რაოდენობით, ასევე დაგეგმილი ღონისძიებების მხრივ. ეს არის 2021 წლის მაისში და ამისთვის ვიწყებთ სერიოზულ მზადებას. ალბათ, მალე ვუმასპინძლებთ დელეგაციას „აზიის განვითარების ბანკის“ სათაო ოფისიდან და მათთან ერთად, სამუშაო ჯგუფი უკვე დეტალურად დაიწყებს ამ პროექტის განხილვას“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, გუშინ ხელი მოეწერა „აზიის განვითარების ბანკთან“ სასესხო ხელშეკრულებას, 250 მილიონი ევროს ფარგლებში.
„ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთის, რიკოთზე შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსება. ეს არის ყველაზე კომპლექსური ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის. ეს საკითხი წლების განმავლობაში მზადდებოდა და ურთულესი იყო, როგორც დონორის მოპოვება, ასევე მისი აღსრულება-შესრულება. ეს არის 14 ხიდი და 12 გვირაბი, ძალიან პატარა მონაკვეთზე, ძალიან კომპლექსურია, მაგრამ თვისებრივად არის გარღვევა ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ნაწილზე. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პრაქტიკულად, რიკოთის მონაკვეთი მთლიანად არის დაკონტრაქტებული და სამუშაოები დაწყებულია. ეს იყო ყველაზე რთული ნაწილი და იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.