აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 3.5 პროცენტით გაიზრდება
აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 3.5 პროცენტით გაიზრდება

2021 წელს მიღწეული იმედისმომცემი ორნიშნა ზრდის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 3.5 პროცენტამდე შენელდება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

აზიის განვითარების 2022 წლის პროგნოზის მიხედვით, რომელიც ბანკის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური პუბლიკაციაა, ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2023 წელს მცირედ გაუმჯობესებას და ხუთპროცენტიან მატებას უწინასწარმეტყველებს, გაზრდილი საშინაო და საგარეო მოთხოვნის ფონზე, რასაც დაჩქარებული საკრედიტო ზრდა და ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში სტრუქტურული რეფორმების შედეგად ექსპორტის ხელშეწყობა განაპირობებს.

„საქართველო რუსეთის უკრაინაში შეჭრის უარყოფით შედეგებს დაინახავს შემცირებული ტურიზმის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კუთხით. ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობას სჭირდება საბიუჯეტო ხარჯვების ფრთხილი გაანგარიშება, პანდემიასთან დაკავშირებული ორწლიანი გაზრდილი ხარჯვის შემდეგ. ასევე სასურველია, მთავრობამ ინვესტირება განახორციელოს ურბანულ არეალებში და იმავდროულად მოახდინოს რეგიონების ფისკალური დეცენტრალიზაცია, სოციალურ სექტორებში ინვესტირების პარალელურად. ეკონომიკაში საზოგადოების ყველა წარმომადგენლის მონაწილეობისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონს თანაბრად ფარავს“, – განაცხადა საქართველოში ​ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, შეინ როზენტალმა.

ბანკის პროგნოზით, 2022 წელს ინფლაციის შვიდ პროცენტამდე, 2023 წელს კი ოთხ პროცენტამდე შენელებაა მოსალოდნელი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავარაუდოდ გაფართოვდება და 2022 წელს მშპ-ის ათ პროცენტს შეადგენს, ნავთობის ფასების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, რაც 2023 წელს 7.5 პროცენტამდე შემცირდება. ექსპორტის ზრდა 2022 წელს 12.1 პროცენტით არის ნავარაუდევი, 2023 წელს კი 14.9 პროცენტით. რადგან ეკონომიკური სანქციები რუსეთში ზრდას აფერხებს, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 2022 წელს სავარაუდოდ 1.8 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდება, 2023 წელს კი 1.7 მილიარდ აშშ დოლარამდე.

ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საჭიროება, საქართველომ გააძლიეროს შიდაეროვნული სახელმწიფო დაფინანსება, რაც სერვისების მიწოდებას უფრო ეფექტიანსა და ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის, მათ შორისაა დიდი დასახლებული ცენტრებისთვის მნიშვნელოვანი კომპლექსური სერვისების მიწოდება; ასევე, წყალმომარაგება და წყალარინება რეგიონულ ქალაქებში, ჯანდაცვა, განათლება და სოციალური დაცვა მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილისთვის. ფისკალური დეცენტრალიზაცია გააუმჯობესებს სერვისების მიწოდებას და ხელს შეუწყობს ზრდას.

როგორც აზიის განვითარების ბანკში აღნიშნავენ, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს მუნიციპალიტეტებში შესაძლებლობების გაზრდის გზით. ფისკალური დეცენტრალიზაციის წარმატება დამოკიდებული იქნება ადგილობრივ მთავრობებში ფინანსური მართვის შესაძლებლობების გაზრდასა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების გადამზადებაზე პოლიტიკის განვითარებისა და უნარების განხორციელების კუთხით, როგორიცაა ჯანმრთელობისა და განათლების ბიუჯეტირება და სოციალური სერვისების მიწოდება.

„ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, – აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.