აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დაათვალიერა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან, იეშიმ ელჰან-კაიალართან ერთად, ბანკის ფინანსურის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი – ოცდამესამე მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დაათვალიერა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების ახალი მეტროსადგურის მშენებლობა 2015 წლის მარტიდან განახლდა და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა. პროექტი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ამისათვის ბანკმა 34 მილიონი დოლარი გამოყო.
სამშენებლო სამუშაოები მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო გამოცდილების მქონე ესპანურმა კომპანიამ, „კობრა ასიგნიამ“ შეასრულა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი უმსხვილესი პროექტი აქვს განხორციელებული.
პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 3.5 კმ. განხორციელდა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა სამშენებლო სამუშაოები, გაკეთდა მეტროდან 4 ამოსასვლელი.
მომზადდა სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, დამონტაჟდა ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები.
ამავე პროექტის ფარგლებში აშენდა როგორც სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ კომპლექსი, ასევე, „დელისი“ – „ვაჟა-ფშაველას“ მონაკვეთის მეორე გვირაბიც, რითიც სატრანსპორტო კომპანიას შესაძლებლობა მიეცა მგზავრებისთვის სრულყოფილი სერვისი შეეთავაზებინა.
აზიის განვითარების ბანკის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს მოხდა თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის, როგორც მოძრავი შემადგენლობის, ასევე, ინფრასტრუქურის შესწავლა და შემუშავდა მეტროს განვითარების გრძელვადიანი საინვესტიციო
პროექტი. 2017 წლის 19 დეკემბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ზემოაღნიშნული პროგრამის „პროექტი 5“-ის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც 2018-2019 წლებში, თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს.
შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ გამოყოფილია 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილია.
პროექტს თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.