აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პროექტს დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკი (ADB) „კრედო ბანკს“ ახალი სამომხმარებლო პროდუქტების შესაქმნელად 60 მილიონი ლარის (22.3 მილიონი დოლარი) სესხსა და 500 ათასი დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარების გრანტს გამოუყოფს.
აზიის განვითარების ბანკის ცნობით, აღნიშნული ფინანსური ხელშეწყობა სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრები დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სესხები ლარში გაიცემა და ასევე გაამყარებს ეროვნულ ვალუტას, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებისა და ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საკრედიტო რისკების შემცირებას ემსახურება.
„ეს აზიის განვითარების ბანკის მიერ „კრედოსთან“ განხორციელებული მეორე პროექტია და ბანკს საშუალებას აძლევს, გააფართოვოს მომსახურების სფერო, მოიცვას მცირე ბიზნესი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა უმრავლესობა ქალია. ვამაყობთ, რომ „კრედო ბანკთან“ თანამშრომლობით ვაფართოებთ მომსახურების სფეროს, ვზრდით ეკონომიკურ საქმიანობას რეგიონებში, ხელმისაწვდომს ვხდით საცხოვრებელს და ხელს ვუწყობთ საქართველოს მდგრად და მრავალმხრივ განვითარებას“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების წამყვანმა საინვესტიციო სპეციალისტმა რაინერ ჰარტელმა.