აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 2023 წელს ეკონომიკის ძლიერ ზრდას პროგნოზირებს
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 2023 წელს ეკონომიკის ძლიერ ზრდას პროგნოზირებს, – ამის შესახებ ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილმა შემოდინებამ და უმუშევრობის შემცირებამ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის აღმასვლას, რის შედეგადაც აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ექვს პროცენტამდე გაზარდა.
ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზის 2023 წლის სექტემბრის განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2023 წელს ექვსი პროცენტით განისაზღვრა, რაც ბანკის მიერ აპრილში ნავარაუდევ 4.5-პროცენტიან პროგნოზს აღემატება. ეკონომიკის ზრდა 2024 წელს ხუთ პროცენტზე შენარჩუნდება ქვეყნის ეკონომიკაში ზრდის პოტენციალის დაბრუნებისა და შენელებული გლობალური ექსპანსიის ფონზე.
„იმედის მომცემი ეკონომიკური ზრდა და მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა განუხრელად მიიწევს წინ გასული წლების „კოვიდ-19“-ის პანდემიისა და გეოპოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული დაბრკოლებების გადასალახად. საქართველოს შეუძლია, მეტი სარგებელი მიიღოს კლიმატგამძლე განვითარების პოლიტიკის წარმოებითა და ინფრასტრუქტურაში, ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრული გადაწყვეტილებების მხარდაჭერით“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კამელ ბუმადმა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მნიშვნელოვანი, 15.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, ხოლო – 10.2-პროცენტიანი მომსახურების სექტორებში. მომსახურების სექტორში ზრდა გამოიწვია საბითუმო და საცალო ვაჭრობაში 14.0-პროცენტიანმა დაწინაურებამ, საცხოვრებელ და სასურსათო მომსახურებაში – 15.7-პროცენტიანმა, საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორში – 44.2-პროცენტიანმა და ხელოვნების, გართობისა და რეკრეაციის სექტორში 17.2 პროცენტამდე ზრდამ, რაც, უმეტესწილად, ტურიზმის აღდგენის შედეგია.
აზიის განვითარების ბანკში ასევე აღნიშნავენ, რომ ინფლაციის კლება 2023 წელს სამ პროცენტამდეა მოსალოდნელი, აპრილში ნავარაუდევი ექვსი პროცენტის ნაცვლად, რაც შედარებით სტაბილურმა ლარმა და ძლიერმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის მცირედი პროფიციტი მიღებულ იქნა მაღალი შემოსავლებისა და მიმდინარე ფისკალური კონსოლიდაცის შედეგად. სახელმწიფო ვალი დაბალ ნიშნულზე დარჩა და მშპ-ს 39.8 პროცენტი შეადგინა, რადგან ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და შედარებით სტაბილურმა ლარმა მშპ-ის ზრდას შეუწყო ხელი.
ADB-ის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მკვეთრად შემცირდა 2022 წელს მშპ-ს 13.5 პროცენტის ექვივალენტიდან 2023 წელს 3.2 პროცენტამდე. აზიის განვითარების ბანკში აღნიშნავენ, რომ ეს გამოიწვია მნიშვნელოვნად გაზრდილმა ფულადმა გადარიცხვებმა და ტურიზმიდან, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიდან მიღებულმა ჭარბმა შემოსავალმა. მათივე ცნობით, 2022 წელს უცხოეთიდან ფულადი გადარიცხვების რეკორდულად მაღალი რაოდენობის შემდეგ, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში ფულადი გადარიცხვების რაოდენობა წლიურად 27.5 პროცენტით გაიზარდა და 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რომელთაგან თითქმის ნახევარი რუსეთის ფედერაციაზე მოდის.
„ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, – აღნიშნავენ აზიის განვითარების ბანკში.