აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რკინიგზის მწვანე ობლიგაციებში 20-მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს
აზიის განვითარების ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა სს საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში.
აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, მიღებული თანხა მოხმარდება ტირაჟირებული ევრობონდების რეფინანსირებას, რომელიც რკინიგზის ხაზების გაუმჯობესებისთვის იქნა გამოშვებული და მიმდინარე მოდერნიზაციის შემადგენელი ნაწილია.
„ADB-ის ინვესტიცია წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი მწვანე ობლიგაციების ნაწილს. ეს საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ორგანიზაციის და ამავდროულად სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი მწვანე ობლიგაციაა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში და განთავსდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე“, – აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.
„საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფანს ქმნის. მწვანე ობლიგაციების გამოშვება საქართველოს რკინიგზას საშუალებას მისცემს განაგრძოს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია, რადგან ქვეყნის, ისევე როგორც რეგიონის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უფრო სწრაფი და უსაფრთხო სარკინიგზო ტრანსპორტი“, – განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიის ინფრასტრუქტურის დაფინანსების დირექტორმა, შანტანუ ჩაკრაბორტიმ.
როგორც საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, შეინ როზენტალმა აღნიშნა, ობლიგაციების გამოშვებაში მხარდაჭერას წინ უძღოდა ADB-ის ტექნიკური დახმარება, რომელიც საქართველოს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დაგეგმვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ამასთან, საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ფერაძემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია, პირველად საქართველოს ტრანსპორტის ორგანიზაციების ისტორიაში, საქართველოს რკინიგზამ მწვანე ობლიგაციები გამოუშვა.
„ტრანზაქციამ ინვესტორების დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც პანდემიით გამოწვეულ ამ უჩვეულო ვითარებაში საქართველოს რკინიგზას კაპიტალურ ბაზრებზე წვდომაში დაეხმარება. მადლობას ვუხდით ADB-ის, რომელმაც როგორც წამყვანმა ინვესტორმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“, – განაცხადა დავით ფერაძემ.