აზიის განვითარების ბანკი „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სესხის სახით 15-მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად და ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
„პროექტი დაეხმარება საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაახლოებით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო 700 000 დოზა ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში.
სესხს აფინანსებს აზიის განვითარების ბანკის, აზია-წყნარი ოკეანის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის $9-მილიარდიანი პროგრამა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაარსდა და ბანკის განვითარებად წევრ ქვეყნებს ვაქცინასთან დაკავშირებულ სწრაფ და მიუკერძოებელ დახმარებას სთავაზობს.
„ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია „კოვიდ-19“-ის გავრცელებისა და მისით გამოწვეული გართულებების შესამცირებლად“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.
„ეს პროექტი საქართველოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, შეამცირებს დაავადების გავრცელებასა და მისით გამოწვეულ სიკვდილიანობას, აღადგენს მოსახლეობის თავდაჯერებულობას. აზიის განვითარების ბანკი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს „კოვიდ-19“-ის უარყოფითი გავლენის მართვაში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე. ეს პროექტი ქვეყნის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული აზიის განვითარების ბანკის სრული მხარდაჭერის მთავარი კომპონენტია.
საქართველოს მთავრობის მიზანია 2021 წლის ბოლომდე მისი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრა. აზიის განვითარების ბანკის დახმარება 300 000-ზე მეტი მოქალაქის აცრას გახდის შესაძლებელს, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ს. მთავრობის ვაქცინაციის პროგრამის პრიორიტეტია ჯანდაცვის მუშაკები, ხანგრძლივი მოვლის ცენტრების ბინადრები და მომსახურე პერსონალი; მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და პირველადი სერვისების მომწოდებლები.
აზიის განვითარების ბანკის დახმარება ასევე გააძლიერებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლებლობებს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცის პროგრამის განხორციელებაში. ჯანდაცვის მუშაკებისა და ვაქცინაციის პერსონალი გადამზადდება გენდერულ საკითხებზე. გენდერის თემა ასევე ჩართული იქნება მობილური ამცრელი ჯგუფების საკომუნიკაციო გეგმებსა და გზამკვლევებში ქალებსა და სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებთან წვდომის გასაუმჯობესებლად. ახლად დამტკიცებული პროექტი აზის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს „კოვიდ-19“-ის საპასუხოდ გაწეული დახმარების კიდევ ერთი საფეხურია. აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს უკვე გამოუყო $100-მილიონიანი სესხი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დაცვის მექანიზმებისა და დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერის დასაფინანსებლად.
$200-მილიონიანი საბიუჯეტო სესხი ქვეყნის სოციალური დაცვის, ფისკალური და ვალის მართვის სისტემების გასაძლიერებლად გამოიყო და $2.5-მილიონიანი გრანტი გაიცა ლაბორატორიული სატესტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან და მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია.
საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით.
აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.