„აზიის განვითარების ბანკი“ - კორონავირუსის გამო, გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა შესაძლოა, 347 მილიარდ დოლარს მიაღწიოს
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებას მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება აზიაში განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, – ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ პრესრელიზშია აღნიშნული.
ბანკი განმარტავს, რომ უარყოფითი გავლენა მრავალი მიმართულებით არის მოსალოდნელი.
„ეს გამოიწვევს შიდა მოთხოვნის, ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობის შემცირებას, ხელს შეუშლის ვაჭრობის, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვს და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჯანდაცვაზე“, – აღნიშნულია „აზიის განვითარების ბანკის“ განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ეკონომიკური დანაკარგების მასშტაბები ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული.
„აზიის განვითარების ბანკის“ ანალიზით, გლობალური ზარალი 77 მილიონიდან 347 მილიონ დოლარამდე იქნება.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირუსის გავრცელების გამო მიღებული საგანგებო ზომები და მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები სამ თვეში შემსუბუქდება, გლობალური დანაკარგები 156 მილიარდ დოლარს მიაღწევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, რელიზში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი ზარალი ელოდება ჩინეთს, რომლის ეკონომიკაც 103 მილიარდ დოლარს დაკარგავს, ხოლო აზიაში მდებარე განვითარებადი ქვეყნების საერთო ზარალი, სავარაუდოდ, 22 მილიარდი დოლარი იქნება.
„აზიის განვითარების ბანკმა“ 7 თებერვალს განაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლისთვის 2 მილიონ დოლარს გამოყოფს. დამატებით 2 მილიონ დოლარს ბანკისგან განვითარებადი ეკონომიკის მქონე წევრი სახელმწიფოები მიიღებენ. „აზიის განვითარების ბანკში“ აცხადებენ, რომ მზად არიან, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს „კოვიდ-19“-თან (ახალი კორონავირუსი) ბრძოლაში დამატებით ფინანსური დახმარებაც გაუწიონ.