ბაქოს ,,კესლა” (ადრინდელი “ინტერი”) აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-10 ტურის საშინაო მატჩში “ქიაფაზთან” 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, ზაურ სვანაძე გაათავისუფლა, რომლიც ხელმძღვანელობითაც ბაქოელები ევროპა ლიგაზე ორჯერ მოხვდნენ.
თუმცა, წლევანდელ სეზონამდე “კესლას” ფინანსური პრობლემები შეექმნა და ეს შედეგებზეც აისახა – 8-გუნდიან ჩემპიონატში სვანაძის გაწვრთნილები მე-7 ადგილზე იყვნენ და კლუბის ხელმძღვანელობა შედეგებით უკმაყოფილონი იყვნენ.
აზერბაიჯანულმა გამოცემამ, “აზერისპორტმა” “კესლას” წარუმატებლობა მთლიანად მენეჯმენტს დააბრალა და ქართველის გათავისუფლებას უზნეო საქციელი უწოდა.
“ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელი იყო იმ სირთულეების და სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, რისი გადატანაც სვანაძეს მოუხდა. მისი ხელმძღვანელობით “კესლამ” მშვენიერი შედეგები აჩვენა. ამ ყველაფრის შემდეგ გაათავისუფლეს 2-3 ჩავარდნის გამო, რისი მიზეზებიც მას არც უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი, მინიმუმ, უმადურობას ჰგავდა, მაქსიმუმ კი – უზნეობას. სვანაძეს მცირე ხნის წინ მეუღლე გარდაეცვალა. მაგრამ თანადგომის ნაცვლად კლუბისგან ასეთ დამოკიდებულებას წააწყდა. ახალი სახელით მოასპარეზე გუნდისთვის ეს ცუდი დასაწყისია” – წერს “აზერისპორტი”.