აზერბაიჯანული თემის სამოქალაქო აქტივისტები - მიუხედავად არსებული კანონისა, არასრულწლოვანზე ძალადობის და ქორწინების ფაქტები ხშირია
აზერბაიჯანული თემის სამოქალაქო აქტივისტებმა ქალებისა და გოგონების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. სამირა ბაირამოვა და თოზუ გულმამედოვა მიიჩნევენ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანულ რეგიონებში დაბალი სოციალური გარემოა, არ არის კულტურული სივრცეები და გოგოები ჩაკეტილ გარემოში იზრდებიან, შესაბამისად ისინი გამოსავალს ქორწინებაში ხედავენ.
ასევე, მათი თქმით, პრობლემა კანონების აღსრულებაში რჩება, რადგან ხშირად ადრეული ქორწინება ტრადიციად განიხილება და სათანადო ყურადღება არ ექცევა.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მიუხედავად არსებული კანონისა, არასრულწლოვანზე ძალადობის და ქორწინების ფაქტები ხშირია და საქმეების წარმოება ეფექტურად არ მიმდინარეობს. საქმის წარმოების შემთხვევაში კი საპროცესო გარიგებით სრულდება.
„საზოგადოება შესაცვლელია, რადგან საზოგადოებას ჰგონია, ჩემს საზოგადოებაზე მაქვს საუბარი, რომ აქვთ უფლება გოგო მოიტაცონ, გაათხოვონ, მერე იძალადონ როგორც უნდათ. როგორ უნდა შეიცვალოს, ეს უნდა ვიფიქროთ ჩვენც. ამ შემთხვევაში, ჩემი და ჩემნაირების რესურსები არ გვყოფნის. ჩვენ გვჭირდება მეტი დახმარება სახელმწიფოსგან. თუ სახელმწიფოს იმედზე არ ვიქნებით, აბა ვის იმედზე უნდა ვიყოთ. ვითხოვთ კანონის გამკაცრებას. შეიძლება კანონი მართლაც არსებობს, მაგრამ არსებული კანონი რომ არ გვიცავს, მგონი ეს არის უფრო პრობლემა, თორემ ვიცით, რომ 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირი ისჯება. 18 წლამდე ოჯახის შექმნა საერთოდ აკრძალულია, არ რეგისტრირდება. კანონები არსებობს, მაგრამ ეს კანონი რამდენად მუშაობს, ეგ არის ამბავი. ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“,- განაცხადა თოზუ გულმამედოვამ.