აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდებაზე შეშფოთება გამოთქვა
რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდება აზერბაიჯანულ საზოგადეობაში შეშფოთებას იწვევს – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონ საუბრის დროს განაცხადა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა პუტინს უთხრა, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთების მიწოდების ინტენსივობა, 17 ივლისიდან დღემდე, აზერბაიჯანის საზოგადოებაში სერიოზულ კითხვებს იწვევს.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისთანავე, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენებით, რუსეთიდან სომხეთში გადატანილი სამხედრო ტვირთის მოცულობამ, 400 ტონა შეადგინა. ამასთან, ალივმა პუტინს უთხრა, რომ სომხეთის მიერ სამხედრო თავდასხმის მიზანი კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვა იყო.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა რუს კოლეგას 12-16 ივლისს ტოვუზის რაიონში მოხდარ დაპირისპირებაზე ინფორმაცია მიაწოდა.