აზერბაიჯანული მედია - ყარაბაღის პრობლემა უკვე მოგვარებულია, აზერბაიჯანს არ სჭირდება ევროპის საბჭო, რომელსაც ამჟამად ევროპაში ავტორიტეტი არ აქვს
ევროპელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ბაქო უნდა დაისაჯოს მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედებებისთვის, თუმცა ავიწყდებათ, რომ აზერბაიჯანისთვის არა მარტო საპარლამენტო ასამბლეაში ხმის ჩამორთმევას, არამედ თავად ამ სტრუქტურასაც აღარ აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა „ტრენდი“ წერს.
„აზერბაიჯანი ერთ დროს ევროპის საბჭოს წევრი გახდა ყარაბაღის პრობლემის მოგვარების იმედის გამო, თუმცა ეს სტრუქტურა მრავალი წლის განმავლობაში არ იღებდა ზომებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ არსებული სომხეთის აგრესიისა და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტის წინააღმდეგ. კმაყოფილდებოდა მხოლოდ რამდენიმე განცხადებით, რომელსაც იურიდიული წონა არ ჰქონდა“, – წერს აზერბაიჯანული მედია.
ამასთან, როგორც მედია იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რამდენიმე რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებდა სომხეთს, დაეტოვებინა ოკუპირებული ტერიტორიები, ამის განსახორციელებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.
„ყარაბაღის პრობლემა უკვე მოგვარებულია. აზერბაიჯანს არ სჭირდება ევროპის საბჭო, რომელსაც ამჟამად ევროპაში ავტორიტეტი არ აქვს“, – წერს აზერბაიჯანული მედია.
მედიის შეფასებით, თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გადაწყვეტს, აზერბაიჯანის დელეგაციას შეუზღუდოს ხმის უფლება, მიზანშეწონილი იქნება, აზერბაიჯანის დელეგაციამ შეწყვიტოს საქმიანობა ამ ორგანიზაციაში. გარდა ამისა, როგორც მედია წერს, შესაძლოა, აქტუალური გახდეს აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციისგან გასვლა.
აზერბაიჯანულ მედიაში ეს მასალა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელებდა.
„ტრენდის“ ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ შეხვედრაზე აზერბაიჯანის დელეგაციის რწმუნებათა სიგელები არ დამტკიცდა. მათივე ინფორმაციით, გერმანელი დეპუტატის, ფრანკ შვაბეს წინადადებას, რომ აზერბაიჯანის დეგელაციას უარი ეთქვას რწმუნებათა სიგელების დამტკიცებაზე, მხარი დაუჭირეს და გადაუგზავნეს მონიტორინგის კომიტეტს გადაწყვეტილების მისაღებად. მონიტორინგის კომიტეტმა გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს.
როგორც გერმანელმა დეპუტატმა აღნიშნა, არსებობს მიზეზები პროცედურის დასაწყებად, კერძოდ: „ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა, მთიანი ყარაბაღიდან ადამიანთა ძალადობრივი განდევნა, ის ფაქტი, რომ ასამბლეის მომხსენებლებმა 2023 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ჩასვლა, სულ მცირე, სამჯერ ვერ მოახერხეს და 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ასამბლეის არყოფნა“.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანის დელეგაციამ დღეს გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა მათი ხმის უფლება შეზღუდული იყო.