დღეიდან 20 აპრილის ჩათვლით აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი გამკაცრდება. როგორც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან მოქმედი ოპერატიული შტაბის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, „31 მარტის ღამის 00:00 საათიდან, 20 აპრილის ღამის 00:00 საათამდე აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების გარდა, ყველა სხვა საქმიანობა, წყდება.
შტაბის გადაწყვეტილებით, ნებადართული რჩება მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სერვისზე ორიენტირებული დაწესებულების საქმიანობა. ასევე იმუშავებენ კომუნალური და კავშირგაბმულობის სამსახურები. იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტაქსი, სატვირთო გადაზიდვებზე მომუშავე კომპანიების მანქანები. ასევე, ღია იქნება სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.
ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეამცირონ კონტაქტები და სახლებში დარჩნენ. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება ან აუცილებელია სურსათის შესყიდვა.
აზერბაიჯანში 30 მარტის მონაცემებით ახალი კორონავირუსის 273 შემთხვევაა აღრიცხული. საავამდყოფოში რჩება 243 ადამიანი, 26 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება 4 085 ადამიანი.