აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ფარიდ ორუჯევის განცხადებით, ხმის მიცემის დაწყებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში ამომრჩეველთა აქტივობამ 20,39 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი 1 309 522-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის რვა საათზე გაიხსნა.
ცესკო-ს მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 6,343 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს. უბნები 19:00 საათზე დაიხურება.
სულ ქვეყანაში დაახლოებით 6.5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 51 ათასზე მეტი პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
აზერბაიჯანის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზღვარგარეთ ხმის მიცემას საპარლამენტო არჩევნებზე.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღის განმავლობაში სამი დამოუკიდებელი ორგანიზაცია ჩაატარებს ეგზიტპოლებს, რომელთა შედეგებსაც კენჭისყრის დასრულებისთანავე გამოაქვეყნებენ.
ცესკო პირველადი შედეგების გამოცხადებას 2 სექტემბრის ღამეს გეგმავს. საბოლოო შედეგები ცესკო-მ 20 დღის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს, რის შემდეგაც საბოლოო ოქმი დასამტკიცებლად აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა, რომელიც, თავის მხრივ, ათი დღის ვადაში გამოიტანს ვერდიქტს.
არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. გამარჯვებული თავის ოლქში გახდება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უბრალო უმრავლესობას მიიღებს. აზერბაიჯანის 125-კაციან პარლამენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.
კანონის თანახმად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის არჩევნები ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კენჭისყრა გადაიდო, რადგან სწორედ ამ დროს აზერბაიჯანი გაერო-ს კლიმატურ კონფერენციას, COP29-ს უმასპინძლებს, რომელზეც 80 ათასზე მეტ სტუმარს ელოდებიან, მათ შორის 50-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს.