აზერბაიჯანში მიწისძვრის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს 31-მა ადამიანმა მიმართა
მიწისძვრის შედეგად, აზერბაიჯანის ზაქათალას რაიონში სახლები და სხვადასხვა ობიექტები დაზიანდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო Trend.az-ი ავრცელებს. როგორც ზაქათალას რაიონის საგანგებო სიტუაციების რაიონული კომისიის თავმჯდომარემ ტოფიგ ახმედოვმა განაცხადა, ამჟამად მიყენებული ზარალის შეფასება მიმდინარეობს.
„გუშინ ქალაქ ზაქათალადან სამხრეთით 24 კილომეტრში მოხდა დაახლოებით 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ზიანი მიადგა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს, სახლების კედლებზე გაჩნდა ბზარები. მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ შეტყობინებებს ამ დრომდე ვიღებთ“, – განაცხადა ახმედოვმა.
მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების რეგიონული კომისია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. ამჟამად კომისია დაზიანებული შენობების ავარიულობის დონეს ადგენს.
ამასთან, სააგენტო Day.az-ი წერს, რომ მიწისძვრის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებს სტრესის გამო 31-მა ადამიანმა მიმართა. 63 წლის მამაკაცი კი გულის შეტევით გარდაიცვალა.
5.6 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა აზერბაიჯანში თბილისის დროით 22:40 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ.-ში მოხდა. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც შეიგრძნო.