აზერბაიჯანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. სახელმწიფოს მეთაურის პოსტის დასაკავებლად რვა კანდიდატი იბრძვის. ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
საპრეზიდენტო კანდიდატებმა საარჩევნო კამპანია 19 მარტს დაიწყეს.
მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევია. საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობენ: პარტია „სახალხო ფრონტი ერთიანი აზერბაიჯანის“ კანდიდატი გუდრატ გასანგულიევი, „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ არაზ ალიზადი, „ეროვნული აღორძინების მოძრაობიდან“ ფარაჯგულიევი, „ფრონტისტების საინიციატივო ჯგუფიდან“ რაზი ნურულაევი, „თანამედროვე მუსავატის“ კანდიდატი ხაფიზ გაჯიევი. ასევე, არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებელი კანდიდატები ზაჰიდორუჯი და სარდარ მამედოვი.
არჩევნების დღე აზერბაიჯანში უქმე დღედ არის გამოცხადებული. საარჩევნო ყუთები მთელი ქვეყნის მაშტაბით 08:00 საათზე იხსნება და 19:00 საათზე იხურება. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში 5 მილონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. საარჩევნო პროცესს 900 საერთაშორისო და 58 ათასი ადგილობრივი დამკვირვებელი დაესწრება.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 125 ოლქში, 5641 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 41 უბანი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 32 ქვეყანაში გაიხსნება: ავსტრიაში, ბელარუსში, ბელგიაში, რუსეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, ჩინეთში, საფრანგეთში, იორდანიაში, ირანში, ესპანეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, ყაზახეთში, ყატარში, ყირგიზეთში, ლატვიაში, ლიტვაში, უნგრეთში, მოლდოვაში, ჰოლანდიაში, უზბეკეთში, პოლონეთში, საუდის არაბეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, საბერძნეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოში.