აზერბაიჯანში, ბამბის ველზე მუშაობის დროს 110 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 14 წლის გოგონა. ეს აზერბაიჯანში ამ თვეში უკვე მესამე მასობრივი მოწამვლის ფაქტია.
BBC-ის ცნობით, მოწამვლის სავარაუდო მიზეზი ველზე გამოყენებული პეტიციდებია. თუმცა ხელისუფლება ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებს.
იმიშლინის რაიონის პროკურორის მოადგილემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, მასობრივი მოწამვლის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.
იმიშლინის რაიონში არსებულ ბამბის ველზე მოწამვლის პირველი ფაქტი დილის საათებში დაფიქსირდა. მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოში მისული პაციენტების ნაწილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ნაწილი კი მკურნალობის კურსს უკვე სახლში გადის.