აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის პირობითი საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით შეინიშნება სომხეთის შეიარაღებული ძალების ინტენსიური გადაადგილება, სომხეთში ბრალდებებს უარყოფენ
სომხეთ-აზერბაიჯანის პირობითი საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით ბოლო დროს შეინიშნება ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო დანადგარების კონცენტრაცია, სომხეთის შეიარაღებული ძალების ინტენსიური გადაადგილება, – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიულმა რიტორიკამ მიაღწია მაღალ დონეს, გაიზარდა ისეთი ინფორმაციის რაოდენობა, რაც ემსახურება საინფორმაციო სივრცეში სიტუაციის გამწვავებას პროვოკაციის მცდელობისთვის მოსამზადებლად.
„ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერი მცდელობა გადამწყვეტად იქნება აღკვეთილი აზერბაიჯანის არმიის მიერ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სიტუაციის გამწვავებასა და ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციაზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მთლიანად სომხეთს და მის მფარველებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრალდებებს უარყოფს სომხეთის მთავრობა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ გუშინ, 30 მარტს „ტელეგრამის“ რამდენიმე არხზე გავრცელდა წვევამდელების ფოტოები, რომლებიც ასრულებენ ავტოგარბენს სასწავლო პროცესის ფარგლებში. ცდილობენ, წარმოაჩინონ ეს, როგორც ჯარების გადაადგილება საზღვრებისკენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე ბოლო პერიოდში შექმნილ ოპერატიულ ვითარებას სტაბილურად აფასებს და საზღვრის დაცვის მიზნით დამატებითი ზომების გატარების აუცილებლობას ვერ ხედავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.