აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ საფრანგეთის ნაბიჯები, რომლებიც ახორციელებს სომხეთის ფართო შეიარაღებას და ახალისებს მილიტარიზმს რეგიონში, არ ემსახურება მშვიდობას
საფრანგეთი ახორციელებს სომხეთის ფართო შეიარაღებას და ახალისებს მილიტარიზმს რეგიონში, რაც არ ემსახურება მშვიდობას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აიხან ჰაჯიზადემ აზერბაიჯანიდან საფრანგეთის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, აზერბაიჯანის თანხმობით, საფრანგეთი შუამავლის ფუნქციას თითქმის 25 წელი ასრულებდა, აშკარა ანტიაზერბაიჯანული ნაბიჯები, რომლებსაც საფრანგეთი დგამს 2020 წლის ომის შემდეგ, ყველასთვის ცნობილია.
აიხან ჰაჯიზადეს განცხადებით, საფრანგეთმა ბოლო სამი წლის განმავლობაში თავისი ნაბიჯებით სერიოზულად ეჭვქვეშ დააყენა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობები სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე და სიტუაციის გამწვავების პროვოცირება გამოიწვია.
„აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ განუცხადა საფრანგეთს, რომ მუქარისა და ზეწოლის ენით საუბარი არანაირ შედეგს არ მოიტანს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.