აზერბაიჯანში 14 დეკემბრიდან კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება
აზერბაიჯანში კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, 14 დეკემბრიდან 18 იანვრამდე ქვეყანაში კარანტინის ფარგლებში გამკაცრებული რეგულაციები იმოქმედებს. კერძოდ, 14 დეკემბრის დილის 06:00 საათიდან ძალაში შედის მოკლეტექსტური შეტყობინებებით სახლიდან გასვლის ნებართვის გაცემის სისტემა.
14 დეკემბრიდან ასევე იკრძალება კვებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. მეტროპოლიტენი 31 იანვრამდე არ იმუშავებს. ამასთან, აზერბაიჯანში უქმე დღეებში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რამდენიმე ქალაქსა და რაიონში, მათ შორის ბაქოსა და განჯაში, იზღუდება შესვლა და გასვლა.
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 3086-ით გაიზარდა.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 1 675 ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად მკურნალობას გადის 57 ათასზე მეტი პაციენტი.