აზერბაიჯანში 10 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
10 ნოემბერს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები დასრულდა.
ილჰამ ალიევის განკარგულებაში, რომლითაც 10 ნოემბერი სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა, ნათქვამია: „სომხეთის არმია 1980-იანი წლებიდან ცდილობდა აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტის ანექსიას, რის გამოც მილიონობით აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა“.
ალიევის თქმით, ამის საპასუხოდ აზერბაიჯანელმა ხალხმა პარტრიოტული ომი წამოიწყო, რომელიც 44 დღეს გაგრძელდა. მისივე შეფასებით, ომი სომხეთის კაპიტულაციით დასრულდა.
სამმხრივი შეთანხმებით, რომელიც ძალაში 10 ნოემბერს შევიდა, სომხეთი არაღიარებული ყარაბაღის რამდენიმე რაიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემას დათანხმდა.
ლაჩინის დერეფანში, რომელიც სომხეთს ყარაბაღთან აკავშირებს, რუსი სამხედროები ჩადგნენ.