აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს ყარაბაღში დაღუპული 31 სამხედრო გადასცა
აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს ყარაბაღში დაღუპული 31 სამხედრო გადასცა

აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპული 31 სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცხედრების სამძებრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, სულ საომარი მოქმედებების ზონაში ნაპოვნია 1 318 გარდაცვლილი.

სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ ყარაბაღში სულ 3 500 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. ბევრი სამხედრო ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობენ რუსი სამხედროები და ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შარშან, სექტემბერში დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2020 წლის 9-10 ნოემბერს გაფორმდა. მხარეები კონფლიქტის ზონაში რუსი ჯარისკაცების დისლოცირებაზე შეთანხმდნენ.