ანტონიუ კოშტა – ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარდამხარ ვიდექით, არ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ერთობლივად ვმუშაობთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ორივე მხარისთვის მომგებიანია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროკავშირი ღიაა გაერთიანებულ სამეფოსთან მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობისთვის. ამის შესახებ მან ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანტონიუ კოშტამ გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირის უახლოესი მეზობელი და „ბუნებრივი პარტნიორი“ უწოდა.
მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში ამოსავალი წერტილი რუსეთ-უკრაინის ომი, უსაფრთხოება და თავდაცვა გახდა.
ანტონიუ კოშტამ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა და ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა არ მიიღწევა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს „ძლიერი ლიდერობა“ „მსურველთა კოალიციის” ფორმატში და თქვა, რომ ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ძლიერი პარტნიორობა ევროპის უსაფრთხოებაში, კონკურენტუნარიანობასა და მდგრადობაში ინვესტიციაა.
„ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ და ყოველთვის მხარდამხარ ვიდექით. ერთად კიდევ ბევრის მიღწევა შეგვიძლია. ჩვენ არ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ერთობლივად ვმუშაობთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ორივე მხარისთვის მომგებიანია. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირთან გრძელვადიანი ურთიერთობების კუთხით მიიღებს. ევროპა კვლავაც მზადაა, ხელი შეუწყოს ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, წინა შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავება იყო, განსაკუთრებით ისეთი უნიკალური მიმართულებებით, როგორიცაა საზღვაო და კოსმოსური სფეროები. მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა დაასრულეს მოლაპარაკებები ჩარჩო შეთანხმებაზე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში უფრო რეგულარულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.