აზერბაიჯანმა სომხეთს ხუთი სამხედრო ტყვე გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ადასტურებენ.
როგორც სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საქმეებზე მომუშავე აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისიაში აღნიშნავენ, სამხედროების გათავისუფლების გადაწყვეტილება 31 აგვისტოს ბრიუსელში პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად იქნა მიღებული.
ხუთი სომეხი სამხედრო მოსამსახურის გადაცემა 8 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს სომხეთის ერონული უსაფრთხოების სამსახური.
„ჩვენ მივესალმებით ამ აქციას, როგორც ნაბიჯს, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთობების ნორმალიზებას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის სამხედროების გადაცემას მიესალმება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ტოივო კლაარი. მისი ცნობით, ტყვეების გადაცემა შუამავლების გარეშე მოხდა.
„მივესალმები 31 აგვისტოს ბრიუსელში ლიდერების შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის მიერ ხუთი სომეხი ტყვეს გათავისუფლების ამბავს. ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი და აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ გადაცემა მოხდა შუამავლების გარეშე“, – წერს ტოივო კლაარი „ტვიტერში“.
ტყვეების გათავისუფლებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
„გადაცემა მოხდა ორმხრივ საფუძველზე, რაც არის როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის დამსახურება. ყველა გადაუწყვეტელი ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება არის მთავარი პრიორიტეტი“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
სომეხი სამხედროების სამშობლოში დაბრუნებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის პოზიტიურ განვითარებად აფასებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველა დარჩენილი დაკავებული მალე შინ დაბრუნდება და აზერბაიჯანი და სომხეთი გააგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას ნდობის დასამყარებლად და დარჩენილი უთანხმოებების მოსაგვარებლად“, – აღნიშნავს ნედ პრაისი.