აზერბაიჯანმა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ მიხაილ დელიაგინზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
აზერბაიჯანმა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ მიხაილ დელიაგინზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, „გენერალურმა პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება მედიაში დელიაგინის ბოლო დროინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრინციპებს“.
როგორც აზერბაიჯანის პროკურატურაში აცხადებენ, 2022 წლის 28 მარტს, დელიაგინი „რასია1-ის“ ეთერში გამოვიდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომის დაწყების ღია მოწოდებებით, ასევე გააკეთა პროვოკაციული განცხადებები აზერბაიჯანის ენერგეტიკული სანავთობო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ და ამ საკითხზე სოციალურ მედიაში მასობრივი გამოკითხვა ჩაატარა.
„დუმის დეპუტატის ქმედებებში იკვეთება დანაშაულების ნიშნები აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის შესაბამისად, მათ შორის აგრესიული ომის დაწყებისკენ მოწოდებები, ტერორიზმი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, სიძულვილის ან მტრობის გაღვივება და ადამიანური ღირსების შელახვა. ამის საფუძველზე, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა საგამოძიებო სამმართველოს დაავალა წინასწარი მოკვლევის ჩატარება სისხლის სამართლის საქმის აღძვრით. საკმარისი მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ კი, მიხაილ დელიაგინზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ინტერპოლის საშუალებით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებაში.
ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებს მიმართა, რათა უზრუნველყონ დელიაგინის ამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში მისი დაუყოვნებლივი დაკავება და აზერბაიჯანისთვის გადაცემა.