აზერბაიჯანმა „კეშიკჩი გალას“ (დავით გარეჯი) ტერიტორიაზე სასაზღვრო პოსტი გახსნა - „აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ყოველთვის იყო მეგობრობის ნიმუში“
აზერბაიჯანმა „კეშიკჩი გალას“ (დავით გარეჯი) ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
„სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, შამქირის სასაზღვრო ჯარების „კეშიკჩი გალა“ (დავით გარეჯის მონაკვეთი) სასაზღვრო დაცვის კომპლექსი ექსპლუატაციაში შევიდა. ამ მიზნით ორგანიზებულ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ელჩინ გულიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა საზღვრის დაცვის ეროვნული სტრატეგია“,- აღნიშნულია აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, პოსტის გახსნაზე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ელჩინ გულიევმა აღნიშნა რომ, სასაზღვრო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება, ყველა სამხედრო განყოფილებაში პერსონალისთვის აუცილებელი მომსახურებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნა, ექსპლუატაციაში შესული ახალი სასაზღვრო დაცვის კომპლექსი ალიევის ამ სფეროს განვითარებისადმი განსაკუთრებული ყურადღების კიდევ ერთი გამოვლინებაა.
სასაზღვრო სამსახურის ცნობით, სასაზღვრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ პოსტის გახსნა საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც ისახავს მიზნად.
„აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ყოველთვის იყო მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის ნიმუში და ქართველ მესაზღვრეებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მაღალი დონე ხაზგასმით აღინიშნა. აღინიშნა რომ, ზღვის დონიდან 850 მეტრის სიმაღლეზე და დიდ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მდებარე სასაზღვრო კომპლექსი „კეშიკჩი გალა“ ამავე დროს უძველესი ალბანელების მემკვიდრეობად მიჩნეულ ისტორიულ და კულტურულ ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ მომსახურე მესაზღვრეები სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან ერთად, იცავენ ჩვენი ხალხის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობას“, – აცხადებენ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურში.