აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ განცხადებებს ავრცელებენ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.
„სომხეთი ასეთი პროვოკაციული ქმედებებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შორის არსებულ კონფლიქტში მესამე ქვეყნების ჩართვას ცდილობს. თუმცა სომხეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია“, – წერია განცხადებაში.
სომხეთი თავის მხრივ, 12 ივლისს მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანს აკისრებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის გამოყენებით სომხეთის საგუშაგოებზე თავდასხმა სცადეს.
„ბოლო დროს, აზერბაიჯანული მხარე, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მოწოდებების მიუხედავად, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, მტრული რიტორიკისგან, და გააძლიერონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, განაგრძობს ძალის გამოყენებით მუქარას და სამხედრო ესკალაციას“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. არის მსხვერპლიც.