აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბაქოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელიც კრემლის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 17-პუნქტიან განცხადებაში მიმოხილულია ის საკითხები, რაზეც ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა ისაუბრეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამ რუსეთ-აზერბაიჯანის მტკიცე თანამშრომლობისთვის ტრადიციულ „სრული ურთიერთგაგებისა და ღრმა ნდობის ატმოსფეროში“ ჩაიარა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა „განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, გაცვალეს მოსაზრებები აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“.
„მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერება სახელმწიფო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე“, – ნათქვამია ალიევისა და პუტინის ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაშია ხაზგასმულია, რომ ბაქოში მოლაპარაკებებისას „სახელმწიფოთა მეთაურებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის 22 თებერვალს მოსკოვში ხელმოწერილი რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო ურთიერთქმედების შესახებ დეკლარაციის მნიშვნელობას“.
„ორი ქვეყნის ლიდერებმა დაადასტურეს სახელმწიფოთაშორისი დიალოგის მაღალი დონე და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა, გამოხატეს მზადყოფნა, ყოველმხრივ ხელი შეუწყონ ძალისხმევას რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების შესახებ დეკლარაციის დებულებების, ასევე 2024-2026 წლებში რუსეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განვითარების ღონისძიებათა გეგმის („გზამკვლევის“) რეალიზაციისა და პოტენციალის სრულად გამოვლენისთვის“, – ნათქვამია ტექსტში.
რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავენ „საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა მრავალმხრივ პლატფორმებზე ორმხრივი ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და გამოხატავენ ერთგულებას გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპებისადმი“.
„რუსეთის ფედერაციამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დაადასტურეს მისწრაფება, ხელი შეუწყონ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც თავისუფალი იქნება ორმაგი სტანდარტებისგან და გამორიცხავს გამყოფი ხაზების შექმნას. რუსეთის ფედერაციამ აღნიშნა ევრაზიული უსაფრთხოების სამართლიანი არქიტექტურის ჩამოყალიბების მიზნით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. მხარეები აღიარებენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების შენარჩუნებაში. რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატუსის ამაღლებას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ისევე როგორც მის ინტერესს BRICS-თან თანამშრომლობის გაძლიერებისადმი“, – ვკითხულობთ პუტინის და ალიევის ერთობლივ განცხადებაში.
რუსეთსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა მეთაურებმა ასევე აღნიშნეს „წარმატებული თანამშრომლობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში და გამოვიდნენ მოწოდებით, „განავითარონ „3+3“ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის პოტენციალი, როგორც თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმისა“.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2020 წლის 9/10 ნოემბრის რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული სამმხრივი განცხადების, ასევე უმაღლეს დონეზე მიღწეული შემდგომი შეთანხმებების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის. რუსეთის ფედერაციამ დაადასტურა მზადყოფნა, კვლავაც ხელი შეუწყოს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას.
პრეზიდენტებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დონე.
„სახელმწიფოთა მეთაურებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შემდგომი გაძლიერების, ტურისტული და სატრანზიტო ნაკადების გაფართოების მნიშვნელობას, მათ შორის საჰაერო მიმოსვლის, ასევე სარკინიგზო და მულტიმოდალური სატვირთო გადაზიდვებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მარშრუტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა გამოხატეს რწმენა, რომ ბაქოში გამართული მოლაპარაკებები და ამ ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი ორმხრივი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამოკავშირეო ურთიერთქმედების შემდგომ გაძლიერებას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი კოლეგა რუსეთში ვიზიტით მიიწვია.