აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში სომხეთმა 10-ჯერ გახსნა ცეცხლი აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, ერევანი ბაქოს ბრალდებებს უარყოფს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბასარგეჩარის, გორისისა და გარაკილსის რაიონებში განთავსებულმა სომეხმა ჯარისკაცებმა ექვსჯერ გახსნეს ცეცხლი ქალბაჯარში და ლაჩინში განთავსებული აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილების მიმართულებით.
თავდაცვის უწყების ცნობით, ამასთან, სომხეთის არაკანონიერმა სამხედრო ფორმირებებმა სნაიპერული შაშხანების და სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღებიდან 4-ჯერ გახსნეს ცეცხლი ქალბაჯარის, გარნაბოისა და ფიზულინის მიმართულებით, სადაც დროებით არიან განთავსებული რუსი სამხედროები.
„აზერბაიჯანის არმიის პერსონალს შორის დანაკარგი არ არის. ყველა შემთხვევაზე აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ მიღებულ იქნა ადეკვატური ზომები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია და იმყოფება სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშ.