აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ქელბაჯარის რაიონში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთში ბრალდებას უარყოფენ
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ქელბაჯარის რაიონში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთის თავდაცვის უწყება ბრალდებას უარყოფს.
ბაქოში აცხადებენ, რომ დღეს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი. მათივე ცნობით, გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება.
„აზერბაიჯანის არმიამ ადეკვატური საპასუხო ზომების მიღების შედეგად მოწინააღმდეგის ცეცხლი ჩაახშო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საპასუხო განცხადება გააკეთეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურია.