აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების აქტიურობის აღსაკვეთად, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა წამოიწყო ფრონტის მთელ ხაზზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბაქოში იუწყებიან, რომ აზერბაიჯანის არმიის კონტრშეტევაში ჩართულია მძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია.

„აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, ასევე სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო ტექნიკა და ობიექტები, როგორც წინა ხაზზე ისე, მეტოქის დაცვის ხაზში. ხდება მათი განადგურება“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 საზენიტო კომპლექსი გაანადგურა. ასევე ჩამოაგდეს სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ეკიპაჟი ცოცხალია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან.

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.