აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ნიშნად ბაქოს ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა
აზერბაიჯანის დედაქალაქის რამდენიმე უბანში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად და სომხეთთან საზღვარზე გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად. ინფორმაციას დემონსტრაციის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ამავე დროს, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანელი სამხედროების გარდაცვალების გამო და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაავიწყდეთ ის სერიოზული საფრთხე, რომელიც „კიდევ ერთი მტრისგან“ მომდინარეობს, კერძოდ კორონავირუსის პანდემია.
შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი მოარიდონ შეკრებებს და დაიცვან თვითიზოლაციის წესები.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს გამწვავდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარეს არის მსხვერპლი.